აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ჩვენი მიზანი ირანის რეჟიმიდან წამოსული საფრთხის აღმოფხვრის შედეგად ამერიკელი ხალხის დაცვაა. ირანის სასტიკი რეჟიმის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს სამხედროებს, უცხოეთში ჩვენს ბაზებსა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.
„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, - აღნიშნავს ტრამპი.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გამოაცხადა.
- ისრაელ კაცის განცხადებით, "მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“.
"ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, - აცხადებს კაცი.
რა ინფორმაციას ავრცელებს ირანული მედია?
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა.
ცნობილი გახდა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ. მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშები აშშ-ისრაელის ერთობლივ ოპერაციას წარმოადგენს.
ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანი რეზიდენცია იყო.
თავდასხმის დაწყების შემდეგ „მოსადმა“ განცხადება გაავრცელა და ირანის მოქალაქეებს მიმართა.
"ირანელო ძმებო და დებო. თქვენ მარტო არ ხართ! ერთად ირანს დიდებულ დღეებს დავუბრუნებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
- ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.
"საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, - ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, სამინისტრო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციები დაიცვან.