სპეციალური სამხედრო ოპერაციის მე-7 დღე და ისევ ცეცხლის ალში გახვეული ირანის დედაქალაქი. თეირანს შეერთებული შტატებისა და ისრაელის გაერთიანებული ძალები შეუჩერებლად უტევენ. ნადგურდება სამრეწველო ზონები, სამხედრო კომპლექსები და ურანის გამამდიდრებელი ობიექტები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მასირებული იერიში მიიტანეს ალი ხამენეის იმ მიწისქვეშა ბუნკერზე, რომელსაც, ირანელი მაღალჩინოსნები უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგაც იყენებენ.
კოალიციური ძალების სამიზნეა ქერმანშაჰი, ისპაჰანი და ყუმი - ინტენსიური დარტყმები ხორციელდება სარაკეტო ბაზებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე. ნადგურდება ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის შტაბ-ბინები. იერიში ხორციელდება სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების მართვის ცენტრებზე. დარტყმები განხორციელდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ შიდა უსაფრთხოების ბაზებზე.
ვიდრე ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქი კვალშია გახვეული, მიმდინარე სპეცოპერაციას წარმატებულად მიიჩნევენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი. დონალდ ტრამპის განცხადებით, პენტაგონი არ გაჩერდება ვიდრე სასურველ მიზანს არ მიაღწევს. თეთრი სახლის ლიდერი ირანელ მებრძოლებს მოუწოდებს, იარაღი დაყარონ, სანაცვლოდ კი იმუნიტეტს სთავაზობს.
ისრაელი ბომბავს ლიბანსაც, სადაც ჰეზბოლაა დისლოცირებული. ტერორისტული დაჯგუფება ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში.
თეირანისა და სხვა ირანული ქალაქების დაბომბვის საპასუხოდ, ისლამური რესპუბლიკა შტატების მოკავშირეებზე ახორციელებს იერიშს. გუშინ, პირველად კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ირანული უპილოტო საფრნეი აპარატები კავკასიაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აფეთქდნენ. საპასუხოდ, ოფიციალურმა ბაქომ თეირანიდან - საელჩოს თანამშრომლების გამოყვანა დაიწყო.
თელ-ავივი, დუბაი, ბაჰრეინი - ირანული დრონები და კასეტური თავაკის მქონე რაკეტები უტევენ, როგორც სამხედრო ბაზებს, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თეირანი უარყოფს მოქალაქეებზე თავდასხმას, ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელებული კადრები, სადაც კორპუსები და სასტუმროები ცეცხლის ალშია გახვეული - საპირისპიროს ამტკიცებს.
ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება არ შედგება, ამას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს. აბას არაღჩის განმარტებით, რამდენჯერაც შტატებთან დიალოგი დაიწყო, იმდენჯერვე, ამერიკამ და ისრაელმა ისლამური რესპუბლიკის დაბომბვით უპასუხეს
დაძაბული ვითარების გამო, ახლო აღმოსავლეთში სამოქალაქო ფრენები ფაქტობრივად შეჩერებულია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მორიგი ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასკატიდან გამთენიისას დაეშვა. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისით სამშობლოში 170-მდე მოქალაქე დაბრუნდა. ეს უკვე მესამე სპეცრეისია, რომელმაც ცხელი წერტილებიდან მოქალაქეები საქართველოში დააბრუნა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც ტაილანდში ჩარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ახლა საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს და მოქალაქეები უსაფრთხოდ იმყოფებიან, დიპლომატიური უწყება, მათ ალტერნატიული მარშრუტების მოძიებასა და ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობებში დაეხმარება.
ირანში შტატებისა და ისრაელის საერთო სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის ათობით სტრატეგიული ობიექტი, სამხედრო და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა განადგურდა. ირანის საპასუხო შეტევების შედეგად იბომბება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და მათზე განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები.