ახალი ამბები
აქტუალური

დარღვევები, რომელზეც 1-ელი მაისიდან ჯარიმები იზრდება - რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

რეკლამა სტატიის თავში
დარღვევები, რომელზეც 1-ელი მაისიდან ჯარიმები იზრდება - რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, ხოლო პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონი ძალაში 1-ელი მაისიდან შედის.

„2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა - 8191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო სიხშირით მე-3 ადგილზე. ეს სტატისტიკა ის მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

რომელ დარღვევებზე იზრდება ჯარიმა?

რაც შეეხება ჯარიმებს, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით იზრდება სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:

  • 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
  • 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
  • 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
  • დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
  • „დრიფტი”, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით.
  • განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;
  • 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.

ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდება ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;

ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:

  • „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;
  • საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.
რეკლამა სტატიის ბოლოს
FB Messenger WhatsApp

ასევე დაგაინტერესებთ