რა შემთხვევაში გეპატიებათ საბანკო დავალიანება - როგორ და რა ვადაში შეიძლება მოხდეს სესხის ხანდაზმულად აღიარება
საქართველოში ფაქტობრივად, ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამას მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო, 2026 წლის მარტის სტატისტიკური მონაცემები. ამავე სტატისტიკის მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10.1%-ს უფიქსირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური ვალდებულებები ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა კრედიტორს უფლება, განუსაზღვრელი ვადით მოსთხოვოს მოვალეს სესხის გადახდა.
საქართველოს კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ ვადებს, რომელთა გასვლის შემდეგაც, საბანკო ვალდებულება შესაძლოა ხანდაზმულად იქნას მიჩნეული და საკრედიტო ორგანიზაციასაც აღარ ჰქონდეს უფლება, მოვალეს ვალდებულების დაფარვა მოსთხოვოს.
რა არის სესხის ხანდაზმულობა, როგორ აითვლება მისი ვადები და რა სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ ძველმა ვალდებულებებმა თქვენს ფინანსურ მომავალზე უარყოფითი გავლენა აღარ იქონიოს - ამ საკითხებთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი თათია ქაჯაია ესაუბრა.
რა ვადებში შეიძლება ჩაითვალოს სესხი ხანდაზმულად?
„მინდა გითხრათ, რომ სესხის ხანდაზმულად აღიარების საკითხი დღესდღეობით ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ თემას წარმოადგენს. უამრავ მოქალაქეს აქვს ვადაგადაცილებაში საბანკო ვალდებულება და ხშირად ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, როდის შეიძლება მოხდეს სესხის ხანდაზმულად აღიარება ან რა სამართლებრივი პირობებია ამისთვის საჭირო.
რა არის ზოგადად ხანდაზმულობა? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როგორც კანონი გვეუბნება, ხანდაზმულობის ცნება ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილოთ ჩვეულებრივი სამომხმარებლო (არაუზრუნველყოფილი) სესხის ხანდაზმულად აღიარების საკითხი. ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო მოთხოვნის დარღვევის შესახებ.
უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, პირმა აიღო სესხი 2021 წლის 1-ელ იანვარს, რომელიც გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად უნდა დაეფარა, სესხის დასრულების თარიღად კი განისაზღვრა 2023 წლის 1-ლი იანვარი. თუ ვისაუბრებთ სრული სესხის ხანდაზმულობაზე, ვადის ათვლა სესხის დასრულების თარიღიდან დაიწყება. ამ კონკრეტულ მაგალითში, 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ამ ათვლის წერტილიდან 3 წლის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი საბანკო ვალდებულებამ ეს ასეთი სტატუსი მიიღოს.
თუმცა, გასათვალისწინებელია გარკვეული პირობები. აღნიშნული სესხი რომ აკმაყოფილებდეს „ხანდაზმულობის კრიტერიუმებს“, მნიშვნელოვანია, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, ანუ 3-წლიან მონაკვეთში, არც მოვალეს ჰქონდეს გადახდილი რაიმე თანხა და არც კრედიტორს ჰქონდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სამართლებრივი საშუალებებისთვის მიმართული, რადგან ეს გარემოებები ხანდაზმულობის ვადას წყვეტს“, - აცხადებს ადვოკატი თათია ქაჯაია.
როგორ ხდება საკრედიტო ისტორიის „გასუფთავება“?
სამართალმცოდნე ასევე განმარტავს, რა პროცედურების გავლაა საჭირო სესხის ხანდაზმულად აღიარებისთვის და პროცედურების გავლის შემდეგ, ხდება თუ არა მოვალის საკრედიტო ისტორიის „გასუფთავება“.
„თუ შეფასების შემდეგ ირკვევა, რომ სესხი ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებს ხანდაზმულად აღიარებისთვის, აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა, სესხის ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით, რადგან აღნიშნული სტატუსი თქვენს საბანკო ვალდებულებას ავტომატურად არ მიენიჭება. შესაბამისად, სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, თქვენს სესხს მიმდინარე სტატუსი მუდმივად ჰქონდეს და მუდმივად ჰქონდეს კრედიტორსაც მოვალისათვის ვალდებულების დაფარვის მოთხოვნის უფლება.
მნიშვნელოვანი კითხვაა, სესხის ხანდაზმულად აღიარების შემდეგ, ხდება თუ არა მოვალის საკრედიტო ისტორიის „გასუფთავება“? სესხის ხანდაზმულად აღიარების შემდეგ, სესხს ენიჭება ხანდაზმულის სტატუსი, რომელიც აისახება შესაბამის ბაზაში - "კრედიტინფოში". აღნიშნული ვალდებულება "კრედიტინფოში" სტატუსის მინიჭებიდან 5 წლის განმავლობაში მაინც ჩანს, თუმცა ის აღარ არის აქტიური და კრედიტორს თქვენთვის ვალდებულების დაფარვის მოთხოვნის უფლება აღარ აქვს.
სტატუსის მინიჭებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, სესხი ავტომატურად იშლება "კრედიტინფოს" საკრედიტო რეპორტიდან. „ისტორიის გასუფთავებაში“ ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოვალემ საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ახალი სესხის აღება ისევ შეძლოს. თუმცა, როდიდან იქნება ეს შესაძლებელი, ინდივიდუალურია და თვითონ საკრედიტო ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს ყურადღება არ ექცევა მხოლოდ იმ ფაქტს, მოვალეს აქვს თუ არა მიმდინარე ვადაგადაცილება, საკრედიტო ორგანიზაცია აფასებს მსესხებლის გადახდისუნარიანობასაც, შემოსავლების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.“, - აცხადებს თათია ქაჯაია.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, აღნიშნული წესით სესხის ხანდაზმულად აღიარება არ ხდება.
„ბოლოს ყურადღებას გავამახვილებ აუცილებლად გასათვალისწინებელ დეტალზე. თუ კრედიტორს მიმართული აქვს შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებისთვის და კონკრეტულ სესხზე, მოვალის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, ზემოაღნიშნული წესით სესხის ხანდაზმულად აღიარება ვერ მოხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სამართლებრივ გზებს, თუ სესხს ხანდაზმულობის სტატუსი არ აქვს.
რაც შეეხება სააღსრულებო წარმოებას, ამ ნაწილს აქვს ცალკე ხანდაზმულობის ვადა, რომელიც 10 წელს შეადგენს. შესაბამისად, მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ იქნება მოთხოვნა ხანდაზმულად აღიარებული“, - განაცხადა ადვოკატმა.