რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.715 მლნ ადამიანია. ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს სტატისტიკაში.
2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 27 643 - მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 129.5 მილიონი ლარი.
„იანვრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია“. - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.
რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა
საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:
1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.