პატარა ხრიკები, რომ კვერცხი არ დასკდეს და ის ერთ ფერში შეიღებოს
წითელ პარასკევს, მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეს, მართლმადიდებლურ ოჯახებში, კვერცხი წითლად იღებება. წითელი კვერცხი სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტე აღსდგა.
გადახედეთ ამ პატარა და მნიშვნელოვან ხრიკებს, რომ შეღებვისას კვერცხი არ დასკდეს და მან კარგი ფერი მიიღოს.
კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. გარეცხეთ და დადეთ, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს. დასკდომის რისკი ასევე მცირდება, თუ კვერცხს შეღებვამდე, ცივ წყალში რამდენიმე საათით მოათავსებთ. საღებავი რომ ერთ ფერში მოეკიდოს, მანამდე კვერცხი გამდინარე წყალში გარეცხეთ.
ქვაბის ძირზე ვალაგებთ წინასწარ დაგროვილ ხახვის ფურცლებს. ენდრო (სააღდგომო კვერცხების შესაღებად, ის ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა) დაჩეჩქვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. შემდეგ შეახვიეთ მარლაში, შეკარით და ჩადეთ ქვაბში. თუ ენდრო ფხვნილის სახით გაქვთ, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ.
მეტად მკვეთრი ფერის მისაცემად, ჭარხალსაც თუ აპირებთ, ისიც კარგად გარეცხეთ, გაჭერით სამ-ოთხ ნაჭრად და ჩაალაგეთ ქვაბში.
შემდეგ დაასხით წყალი, ადუღეთ 20-30 წუთი და გააგრილეთ. ცივ ნახარშში მოათავსეთ კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ძმარი წითელ ფერს კიდევ უფრო ამუქებს.