ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.
სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.
„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.
„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.