რა დარღვევების გამო მოუწევთ მძღოლებს გაზრდილი ჯარიმების გადახდა 1-ელი მაისიდან
მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მძღოლებს გარკვეული დარღვევებისთვის გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ.
აღნიშნულს ითვალისწინებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილები, რომლის მიხედვითაც, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
მათ შორის, კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოდის ახალი სამართალდარღვევა, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება.
ამასთან, ცვლილებები, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდება, ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“.
მკაცრდება პასუხისმგებლობა საავტობუსო ზოლში მოძრაობაზე და ამ დარღვევისთვის მძღოლებს, გარდა ფულადი ჯარიმის დაკისრებისა, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებიც ჩამოეჭრებათ,
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოც ორ დღეში მძღოლებს გაზრდილი ჯარიმები დაეკისრებათ:
- 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;
- 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;
- 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;
- 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;
- დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
- „დრიფტი”, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით;
- განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;
- 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის;
- ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით;
- ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდება ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;
- ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.
ახლებურად განისაზღვრება საავტობუსო ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:
- BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;
- საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.